ლუდის ისტორია იაპონიაში შედარებით გვიან იწყება - მე-19 საუკუნეში, ე.წ. მეიჯის ეპოქაში. ეს იყო პერიოდი, როდესაც იაპონია გაიხსნა დასავლური კულტურისა და ტექნოლოგიებისთვის. სწორედ ამ გარდამტეხმა ეტაპმა შემოიტანა ქვეყანაში სრულიად ახალი სასმელი - ლუდი.
მანამდე იაპონელებისთვის მთავარი ალკოჰოლური სასმელი იყო საკე ბრინჯისგან დამზადებული ტრადიციული სასმელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რიტუალების, დღესასწაულებისა და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. ლუდი კი უცხო, უცნობ და დასავლურ კულტურასთან ასოცირებულ პროდუქტად აღიქმებოდა.
იაპონური ლუდის ისტორია იოკოჰამაში იწყება - ქალაქში, რომელიც დასავლური კულტურის პირველ ნავსაყუდლად იქცა. პირველი დიდი კომერციული ნაბიჯები ამერიკელმა და ჰოლანდიელმა მეწარმეებმა გადადგეს, რომლებმაც ადგილობრივი რესურსები და ევროპული ცოდნა გააერთიანეს. თავდაპირველად ლუდი მხოლოდ უცხოური დასახლებებისთვის იხარშებოდა და იაპონური საზოგადოებისთვის ის ერთგვარ ეგზოტიკურ საიდუმლოდ რჩებოდა.
ამერიკელი, წარმოშობით ნორვეგიელი უილიამ კოპლანდი. მან იოკოჰამაში, გახსნა ლუდსახარში Spring Valley Brewery. ეს იყო ადგილი, სადაც პირველად დაიწყეს ადგილობრივი ინგრედიენტებისა და დასავლური ტექნოლოგიების შერწყმა. კოპლანდის მემკვიდრეობა იმდენად დიდია, რომ დღეს იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი ლუდის ბრენდი სწორედ ამ ლუდსახარშის ბაზაზეა აღმოცენებული(Kirin).
დროთა განმავლობაში იაპონელებმა თავადაც დაიწყეს ლუდის დაგემოვნება. დასავლური ტექნოლოგიები, წარმოების სტანდარტები და გემოების ახალი ფორმები ნელ-ნელა ინტეგრირდა იაპონურ კულტურაში. სწორედ აქ იწყება იაპონური ლუდის საკუთარი გზაც - უცხოური გავლენიდან ადგილობრივ ინტერპრეტაციამდე. საინტერესოა, რომ მეიჯის რეფორმების შემდეგ, ბევრმა ყოფილმა სამურაიმ, რომლებმაც თავიანთი სოციალური სტატუსი დაკარგეს, ძალები სწორედ ბიზნესში, მათ შორის ლუდის წარმოებაში მოსინჯეს. მათი დისციპლინა და დეტალებისადმი ყურადღება იდეალურად დაემთხვა ლუდის ხარშვის ტექნოლოგიურ მოთხოვნებს. ამ პერიოდში ლუდი გახდა არა მხოლოდ სასმელი, არამედ იაპონიის ინდუსტრიული მოდერნიზაციის სიმბოლო.
მეიჯის ეპოქამ ლუდი იაპონიაში შემოიტანა როგორც პროგრესის, გახსნილობის და ცვლილების სიმბოლო. ის გახდა დასავლურ სამყაროსთან დაკავშირების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი - სასმელი, რომელმაც სრულიად ახალ კულტურას ჩაუყარა საფუძველი.